მტკვარში სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო - იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება

14.05.25 10:24
 მტკვარში სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო - იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება

სამაშველო ოპერაცია მტკვარში - სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჯგუფი, წყლის საშუალებები და სამაშველო სპეცტექნიკაა ჩართული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რის გამოც, შსს მოსახლეობას მოუწოდებს ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში, კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

"თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეცტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერია განცხადებაში.

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ეძებენ რამდენიმეს. 

 

მსგავსი სიახლეები