საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის პროცესი იწყება - სხდომაზე პროკურატურის მოწმეები გამოიკითხებიან
საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის პროცესი იწყება. ზვიად ცეხლაძის, ვეფხია კასრაძის და ძალადობის ორგანიზაბაში ბრალდებული კიდევ 6 პირის საქმის განხილვა დღეს პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. კითხვებს მოწმეებს თავად ბრალდებულებიც დაუსვამენ.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყველა ცრუ მოწმეს დაიმახსოვრებენ და როდესაც "ოცნების" ხელისუფლება შეუცვლება, ყველა მათანს პასუხისგება მოუწევს.
დღესაც მოგვიწევს მოსმენა, როგორც არ ახსოვთ არაფერი არც უფროსების, ვინ ესროლა, საიდან ესროლა. ძალიან რთულია აქ ყოფნა და მოსმენა. თუ გრძნობენ ამ სირცხვილს, ჩვენს მიმართ არა, თავის ახლობლებთან...რაღაცეებს ბოდავენ, მომზადებულებიც არ მოდიან, რომ ორი წინადადება ნორმალურად თქვან, - ამბობს ირაკლი მიმინოშვილის დედა.
ცრუ მოწმეებზე არის აგებული საქმეები, ცრუ მოწმეების გამოყენებით უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება და უსამართლო სასამართლოს, არაკომპეტენტური და ჯიბის მოსამართლეების მეშვეობით განაჩენები უნდა დააყენონ. აქედან გამომდინარე, ნდობა აბსოლუტურად ნულია. მთლიანობაში, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, პოლიტიკური სიტუაცია და მერე იქნება ნამდვილი სასამართლო და ნამდვილი მართლმსაჯულება, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
8 სინდისის პატიმრის პროცესი ყველაზე დიდ დარბაზში იმართება. პროცესს 150 ადამიანი ესწრება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, დადგეს მომენტი, როდესაც რეჟიმი პოლიტპატიმრების თემით ვაჭრობას დაიწყებს.
შეიძლება, იქიდან ეგეთი ნაბიჯები გადმოიდგას. მე ვხედავ, რომ მანდ რომ ვიყოთ, ამას სჭირდება აქეთა მხარეს მეტი მობილიზაცია, მეტი ერთობა, მეტი ძალის დაპირისპირება და ამ შემთხვევაში, შეიძლება, დაიწყონ იმათმა ვაჭრობა. ჯერჯერობით მათ აქვთ სრული განცდა, რომ ყველაფერი მათ ხელშია და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ამიტომ, ჯერ ეგ მომენტი არ დგას, მაგრამ შეიძლება, დადგეს, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ რეჟიმს ახალგაზრდები, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი.
პრაქტიკულად, არცერთი პროცესი არ გამიცდენია და რატომ ისჯებიან, მე ვერ გავიგე. საქმესაც გავეცანი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რატომ ისჯებიან და რატომ არიან ეს ახალგაზრდებიც და ჩვენი მეგობრებიც დაპატიმრებულები. ყველაფერი მოსალოდნელია, სავაჭროდაც გამოიყენებენ. პრაქტიკულად, მძევლებად ჰყავთ აყვანილი, ამიტომ გამორიცხული არაფერია, - ამბობს ვატო სურგულაძე.