გაუშვებს თუ არა რეჟიმი ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში - საქალაქოში პროცესი იმართება
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ გირაოს, რომელიც ოქრუაშვილმა არ გადაიხადა.
არსებობს მოლოდინი, რომ გირაოს პირობის დარღვევის გამო პროკურატურამ მისი პატიმრობა მოითხოვოს.
თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ დღეს მისი დაკავება მოითხოვოს და ამბობს, რომ ამისთვისა მზადაა.
მოკლედ, გირაო არ გადავიხადე. ხილვა მქონდა, ვირაცამ ჩამომძახა, რომ არ გადაიხადოო. ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე და დიფ სთეითი ვარო, მითხრა და მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება. ასე რომ, ვერ გადავიხდიდი. არ ვიცი ამათ თავში რა მოიხარშება. გირაოს თემა არის კიდევ ერთი განსხვავებული ჩემთან მიმართებაში. 7 ადამიანს წაგვიყენეს ბრალი ამ საქმეზე, მარტო მე შემიფარდეს აკრძალვა ქვეყნის დატოვების. თუ 50 ათასად ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ, 50 ათასად სამჯერ დაარტყან დედამიწას წრე, მე 20 ათასად უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე და სადაური წესია, ეგ ვერ გავიგე. რა ლოგიკით მოქმედებენ, გაუგებარია. ქვეყანასაც ამ ლოგიკით მართავენ და კი ვხედავთ, სადაც ვართ, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
პროცესზე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმის სახით ე.წ. საგამოძიებო კომისიის ყველა ის წევრი გამოიკითხოს, რომელმაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მოითხოვა.
რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას და როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.