რატომ უთხრეს ალექსანდრე თირქიას დაფინანსებაზე უარი - მიხეილ სარჯველაძის პირველი კომენტარი
მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ პროევროპულ აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი იმიტომ ეთქვა, რომ კლინიკამ შესაბამისი დოკუმენტაცია არასწორად ატვირთა.
"ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც კი კლინიკა „შეცდომას გამოასწორებს“ და ალექსანდრე თირქიას დოკუმენტაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სწორად ატვირთავს, მას ოპერაციის ხარჯებს აუნაზღაურებენ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის სინამდვილეს არ შეესაბამება. ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, მაგრამ რეალობა გახლავთ ასეთი - ერთ-ერთი კლინიკის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამაც და მისმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას არასწორი ფორმით.
სხვა წინა შემთხვევებშიც ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ასეც იქნება, როგორც კი არა დაუდევრობით, არამედ გულისხმიერებით მოეკიდებიან კონკრეტული პაციენტის ინტერესებს, სწორად ატვირთავენ კონკრეტულ დოკუმენტაციას, რასაკვირველია, ეს გახდის შესაძლებელს, რომ კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია კონკრეტულ პირს დაუფინანსდეს. სხვაგვარად ეს არ შეიძლება“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ "ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელმა დაწერა, რომ აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.
2024 წლის 3 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური კომაში იმყოფებოდა.