"ძალადობრივი ვიდეოების ყურება არ მიზიდავს" - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე

14.05.25 13:42
"ძალადობრივი ვიდეოების ყურება არ მიზიდავს" - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე

 

 

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს - ბრალდების მხარემ დღეს ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მოწმედ მიიყვანა დაზარალებული პოლიციელი, რომელმაც ხელი არცერთ ბრალდებულს არ დაადო. 

ნიკოლოზ ხურცილავამ ისაუბრა, თუ სად იმყოფებოდა 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, თქვა რომ ქვის სროლის შედეგად ტუჩის დაიზიანება მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ "არ შეუძლია თქვას, თუ ვინ მიაყენა დაზიანება".

მოწმე პოლიციელი ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აქცია თავიდან მშვიდ მდგომარეობაში მიმდინარეობდა.

ქვა მომხდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, 4 - გარედან და 2- შიგნიდან, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე.

ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს, ფიზიკურად ვერ დავინახავდით, ნივთებს ისროდნენ და თავს ვიცავდით, რომ თავის არეში არ მოგვხვედროდა..."- განაცხადა ხურცილავამ.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა რომ აქციაზე ვინმესგან პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი არ გახდა, მოწმე პოლიციელმა უპასუხა, რომ "არ ჰგონია". 

ავსაჯანიშვილმა მას ასევე ჰკითხა, თუ რა მოქმედება განახორციელა, რომ როგორც პოლიციელს, საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა და წესრიგი დამემყარებინა, პოლიციელმა უპასუხა, რომ "ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა".

ნიკოლოზ ხურცილავას სინდისის პატიმრების ადვოკატებმა ასევე კითხვა დაუსვეს - ნანახი აქვს თუ არა კადრები, თუ როგორ ძალადობენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებზე, რაზეც მოწმემ თქვა, რომ "ძალადობრივი ვიდეოების ყურება არ იზიდავს"

მოწმე პოლიციელს კითხვა დაუსვა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმაც და ჰკითხა, პირველად ხედავს თუ არა ის ზვიად ცეცხლაძეს, პოლიციელმა უპასუხა, რომ "კი, პირველად ხედავს".

"არ ვიცი, ვისი ნასროლი მომხვდა. ზვიად ცეცხლაძე ვერ გეტყვით იქ იყო თუ არა",- განაცხადა ხურცილავამ.

დღეს ასევე ადვოკატები ადინტერესედნენ, ვინ მიაწოდა საქმის მასალები დაზარალებულ პოლციელს და რა სახით მიიღო ის, გამომძებელმა გადასცა თუ კანცელარიაში აიღო, თუმცა ნიკოლოზ ხურცილავა ამტკიცებდა, რომ "არ ახსოვს ვინ გადასცა საქმის მასალები". 

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები