მოწმე პოლიციელი ამბობს, რომ "სისხლით დასვრილი" სამოსი ნივთმტკიცებად პოლიციაში არ მიუტანია
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის წინააღმდეგ მიყვანილი მოწმე პოლციელი, ივანე კაპანაძე სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ აქციაზე ნივთის სროლის შედეგად ხელში დაზიანება მიიღო და ასევე ამტკიცებდა, რომ ტანისამოსი სისხლით დაესვარა, თუმცა ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, მიიტანა თუ არა სისხლიანი ტანსაცმელი ცენტრალურ კრიმინალურ სამმართველოში, ივანე კაპანაძემ თქვა, რომ "არა... სახლში მაქვს"
ივანე კაპანაძემ დღეს ასევე ვერ თქვა, რომ კონკრეტულად ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილს, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი ესხმოდნენ თავს პოლიციელებს.
არვიცი, იდენტიფიცირებაც კი ვერ მოვახდინე, ვისგან ხდებოდა თავდასხმა. როგორ მეცოდინება, ეს ადამიანები იყვნენ თუ არ იყვნენ", - თქვა მოწმემ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.