აქციაზე დაშავებული ალექსანდრე თირქია: წესით, ოპერაცია 1 თვის გაკეთებული უნდა მქონდეს
პროევროპული აქციების დროს, სავარაუდოდ, გაზის კაფსულის თავის არეში მოხვედრის შედეგად მძიმედ დაშავებული ალექსანდრე თირქია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებაზე უარის თქმას "ტვ პირველთან" ეხმიანება.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზით გაიგო, რომ თვალზე ოპერაციისთვის საჭირო თანხას უწყება მას არ გამოიყოფს.
თირქიასთვის გაუგებარია, თუ უწყებამ გამოკვლევები დაუფინანსა, რა მიზეზით არ ეუბნებიან უარს ოპერაციის დაფინანსებაზე.
პროევროპული აქციების მონაწილე, რომელიც 6 დღე კომაში იყო, აცხადებს, რომ ოპერაცია 1 თვის გაკეთებული უნდა ჰქონდეს.
14 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მოსულიყო პასუხი დაფინანსების შესახებ და რომ არ მოვიდა, მეც დამაინტერესა, ამდენი ხანი რატომ არ მოვიდა და დავრეკე ჯანდაცვაში - მივიღე უარი. ვკითხე, რომ წინაზეც შევიტანე დაფინანსებაზე და რომ ველოდებოდი პასუხს. ეს იყო წინასაოპერაციო გამოკვლევებზე და ეს დამიფინასეს და რომ შევეკითხე, რატომ დამიფინანსეთ-მეთქი, მითხრეს, რომ ის რეფერალურად დაგიფინასდათო და საყოველტაო ამჟამად ოპერაციას არ გიფინანსებთო, იმიტომ, რომ კერძო დაზღვევა გიფიქსირდებათო და კერძო დაზღვევის გაუქმებიდან უნდა იყოს ნახევარი წელი გასული, რომ დაგიფინანსდეთო და ნახევარი წლის გასვლის შემდეგ თავიდან შემოიტანოტ კალკულაცია ოპერაციისო და შეიძლება, დაგიფინანსდეთო.
შეიძლებას იმედზე ნაღდად ვერ ვიქნებოდი. კლინიკასთან კომუნიკაცია არ მქონია ჯერჯერობით და ისიც არ ვიცი, რამდენად სიმართლეა. წესით, უკვე ერთი თის გაკეთებული უნდა მქონოდა თვალის ოპერაცია, გაიწელა ძალიან. 20 დღის გამოკვლევები არ მგონია, ოპერაციისას გამოადგეთ, - ამბობს ალექსანდრე თირქია.
მას შემდეგ, რაც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრეს, დღეს "ქართული ოცნების" მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მედიას უთხრა, რომ 22 წლის ახალგაზრდას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი კლინიკის მიერ არასწორად ატვირთული დოკუმენტაციის გამო ეთქვა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კლინიკა დოკუმენტაციას სწორად ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.
ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა, მას თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა. დაშავებულს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. საავადმყოფოში შეყვანისას მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობა, ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
კლინიკაში მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და ოჯახმა მიიღო პირობა, რომ რეაბილიტაციის თანხებსაც სახელმწიფო გადაიხდიდა.