ქალი პოლიტიკოსი, რომელიც მირიან ქავთარაძეს ძალადობაში ამხელს, დაზარალებულად ამ დრომდე არავის უცვნია
საბა სხვიტარიძის საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს კიდევ ერთი მოწმე, პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე გამოიკითხა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ მასზე ფიზიკურად იძალადა.
ჭალიძემ სასტუმრო "მერიოტთან" მომხდარი ინციდენტი დეტალურად გაიხსენა, როდესაც მირიან ქავთარაძემ მას ხელი გაარტყა. პოლიტიკოსის თქმით, ამ ფაქტის მიუხედავად, ამ დრომდე მისთვის დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუციათ.
ამ ჯგუფს მივუახლოვდი უკანა მხრიდან. ამ ადამიანის უკანა მხარეს მოვექეცი, ოდნავ მარცხნივ. ჩამოვხსენი კაპიუშონი და აი, ამ წამს, ჩემთვის ძალიან მოულოდნელად, ეს ადამიანი შემობრუნდა და მთელი ძალით დამარტყა სახეში. ეს სახეში დარტყმა იყო ძალიან ძლიერი და მხარზეც ვიგრძენი ეს ძალა. იმდენად ძლიერი და მოულოდნელი იყო, რომ მე თავი ვერ შევიმაგრე და წავბარბაცდი. მე არც ვიცოდი, რომ ის მირიან ქავთარაძე იყო. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართე, გამოვიკითხე, მაგრამ დაზარალებულად არ მცნეს. ჩემტვის წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლებოდა, იმ ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ, რეალური მტკიცებულებების ნახვის შემდეგ, გამომძიებლებს იქ სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიეღოთ.
თეოან ჭალიძემ ასევე გაიხსენა, როგორ იცავდა საბა სხვიტარიძე მას როგორც პოლიციელ მირიან ქავთარაძისგან, ასევე მისი თანმხლები პირებისგან, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ და "მერიოტთან" მიზანმიმართულად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დასარბევად იყვნენ მისულები.
დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი უნდა გამოკითხულიყო, რომელმაც საბა სხვიტარიძეს ხელბორკილი დაადო, თუმცა არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროცესზე არ გამოცხადდა.
მოსამართლემ დღეს აღნიშნა, რომ თორნიკე ჯაფარიძე აუცილებლად გამოიკითხება შემდეგი გამოძახების შემდეგ, თუმცა მივა თუ არა ის სხდომაზე, უცნობია.
საბა სხვიტარიძის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 მაისს გაიმართება. ბრალდება სინდისის პატიმარს პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.