სისტემური ძალადობის სერია და ადამიანის უფლებების კრიზისი - სამოქალაქო სექტორმა შოკისმომგვრელი ფაქტები შეაგროვა
სისტემური ძალადობის სერიამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების კრიზისი შექმნა. 11-მა ორგანიზაციამ ერთად შეისწავლა, რა ხდებოდა ნოემბრიდან თებერვლამდე, აქციების დროს. დარბევა, დაკავებები, დემონსტრანტების წამება - ეს "ოცნების" ხელწერად იქცა.
გამოკითხული ასობით მსხვერპლიდან 83% ამბობს, რომ პოლიციის ავტომობილში მათ თავის და სახის არეში ურტყამდნენ. ნახევარი ამბობს, რომ თავსა და სახეში ურტყამდნენ ფეხებსაც. ნაწილს უსწორდებოდნენ ხელკეტებითაც. დაკავებულებს ფეხებით და მუშტებით ტანისა და ფეხების არეშიც უსწორდებოდნენ.
10 დღის განმავლობაში ოლიგარქის რეჟიმმა 7-ჯერ უკანონოდ დაარბია მშვიდობიანი აქცია. სამოქალაქო საზოგადოების დასკვნით, ამ ნაბიჯით ადამიანებს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა. გაფრთხილებასა და აქციის დაშლას შორის მხოლოდ 2-წუთიანი სხვაობა იყო, რაც დემონსტრანტებისთვის შეუძლებელს ხდიდა ტერიტორიას მოშორებოდნენ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები - იყენებდნენ ყველა სპეციალურ საშუალებას.
აქციის დარბევის პარალელურად, სპეცრაზმი დემონსტრანტებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა ჯგუფურად. ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად გრძელდებოდა. ართმევდნენ ნივთებს და შემდეგ დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს ადგენდნენ. 11 ორგანიზაციის საერთო კვლევაში გამოკითხულთა 80%-მდე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა.
დაშავებულთა შორის არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ჟურნალისტებიც იყვნენ. რამდენი ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება? - დეტალები ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.