დღევანდელი სასამართლო პროცესი აბსურდის თეატრი იყო - ზურაბ ცეცხლაძე

15.05.25 00:16
დღევანდელი სასამართლო პროცესი აბსურდის თეატრი იყო - ზურაბ ცეცხლაძე

"სასამართლო პროცესი სრული აბსურდის თეატრია" - ასე აფასებს "ტვ პირველის" ეთერში სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა დღეს გამართულ სასამართლო პროცესს, სადაც ჩვენება მოწმე პოლიციელებმა მისცეს.

ზურაბ ცეცხლაძეს ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვს. მისივე შეფასებით, მოსამართლე საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც რეჟიმი უბრძანებს. 

 ეს სასამართლო პროცესი სრული აბსურდის თეატრია. დღეს, რაც სასამართლო პროცესზე ვნახე და ყოველდღიურად თუ რამე გამაოცებს არ მგონია, მაგრამ ისეთ სასამართლო პროცესები იმართება, რომ მაინც გაოცებული ვრჩები იმიტომ, რომ დღეს დაზარალებული მოწმეები მოდიან, რომლებთაც მიღებული აქვთ დაზიანებები ქვების სროლით, ზოგს ხელში, ზოგს სახეში, სისხლდენებიც კი ჰქონიათ, მაგრამ რატომღაც ეს დასისხლიანებული ტანსაცმელები მიიტანეს და გარეცხეს, ერთმა  მოწმემ თქვა, რომ გადაყარა ანუ პოლიციის ფორმა,  რომელიც სახელმწიფომ მისცა, როცა დაუსისხლიანდათ გადაყარა..."

არანაირი სასამართლო არ არსებობს, სამართალი არ არსებობს, უბრალოდ ამ პროცედურების ჩამთავრება უნდათ და უნდა დააყენონ განაჩენი. დიდად არც იმაზე არ დარდობენ, რომ მტკიცებულებები მოიტანონ და რაღაც ამტკიცონ, იმიტომ რომ ჯიბის პროკურორი, ჯიბის მოსამართლე, შეკვეთილი გადაწყვეტილება და პოლიტიკური პროცესია და დადგება ის განაჩენი, რასაც პოლიტიკური ხელისუფლება უბრძანებს სასამართლოს - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები