საუკუნის გაქცევის საქმე - პროკურატურა ამ დრომდე ვერ ამბობს, სად იკარგება ბაჩიაშვილის კვალი დოჰადან
საუკუნის გაქცევის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მძღოლი შოთა ქარუმიძე, რომელსაც გამოძიება ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მართველის დახმარებას და ქვეყნიდან ჩუმად გაპარებას ედავებიან.
დღეს სასამართლომ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა.
პროკურატურა ამ დრომდე ვერ ამბობს, სად იკარგება გიორგი ბაჩიაშვილის კვალი დოჰადან. დღეს, ბრალდების შესავალ სიტყვაში, პროკურორმა ვაჟა თოდუამ ისაუბრა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა, სადახლოდან სომხეთში, ბოლოს კი დოჰას აეროპორტში, თუმცა სად არის ბაჩიაშვილი ახლა, ამას გამოძიება ვერც სასამართლოს წინაშე და ვერც "პირველებთან" ინტერვიუში ვერ ამბობს.
"დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა წარმოვთქვით შესავალი სიტყვები. მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე დაიწყებს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის არის მძღოლის ქარუმაძის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ დაეხმარა გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაში უკანონოდ. ასევე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, თუ როგორ გააკეთა ბაჩიაშვილმა ავტომობილში სპეციალური სამალავი. ასევე წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას", - ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა.
საქმეზე 29 მაისიდან მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყება, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი კი საზღვრის კვეთის საქმეზე დისტანციურად ჩართვას ითხოვს თუმცა ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა ბაჩიაშვილს პროცესზე ჩართვის საშუალებას.
ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ფორმალური პატიმრობა აქვს შეფარდებული.
- შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზეც