მუსელიანცი:" "თანამედროვე ორჯონიკიძეებმა ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დააყენეს... მოგიწოდებთ, 26 მაისს ეროვნული აღლუმი ჩაატაროთ"

15.05.25 11:42
მუსელიანცი:" "თანამედროვე ორჯონიკიძეებმა ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დააყენეს... მოგიწოდებთ, 26 მაისს ეროვნული აღლუმი ჩაატაროთ"

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი ციხიდან წერილს ავრცელებს - რეჟიმის ტყვე "ქართულ ოცნებასა" და სერგო ორჯონიკიძეს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ოლიგარქის გუნდს ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. 

რეჟიმის ტყვე თანამოქალაქეებს მიმართავს და მათ ქვეყნის სადარაჯოზე დგომისკენ უბიძგებს. არჩილ მუსელიანცი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 26 მაისს, რუსთაველზე შეკრებას და ეროვნულ აღლუმის ჩატარებას მოუწოდებს. 

26 მაისი არ არის უბრალო დღესასწაული. ეს არის ჩვენი სიმტკიცის და მომავლის, წარსულის და დამოუკიდებლობის დიდებული დღე. დღეს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, რომელიც თანამედროვე ორჯონიკიძეებმა დააყენეს საფრთხის ქვეშ რუსი ბორიას თამადობით და მისი მეთაურობით. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, შეიკრიბოთ რუსთაველზე და ჩვენ თავად ჩავატაროთ ეროვნული აღლუმი.

მოდით ილია ჭავჭავაძისთვის, მოდით მარო მაყაშვილისთვის, მოდით გენერალ მაზნიაშვილისთვის და იუნკერებისთვის, მოდით ზვიად გამსახურდიასთვის და მერაბ კოსტავასთვის, მოდით შინდისის გმირებისათვის, მოდით გიორგი ანწუხელიძისთვის და ყველა იმ უთვალავი გმირისთვის, ვინც იბრძოდა და დღემდე იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. მოდით საქართველოს მომავლისათვის. ვემსახურებით: დროშას, კონსტიტუციას, საქართველოს!" - წერს არჩილ მუსელიანცი.

შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები