ირაკლი ოქრუაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიდის
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიგიდის. თავდაცვის ექს-მინისტრის პატიმრობას, მისი უფლებადამცველი ხვალ გაასაჩივრებს.
ადვოკატი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ოქრუაშვილი ერთი წლით ციხეში უნდა იყოს.
მამუკა ჭაბაშვილის თქმით, სარჩელს სააპელაციოში ხვალ დილით შეიტანენ.
„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას, რა თქმა უნდა, ვასაჩივრებთ, ხვალ დილით უკვე შევიტანთ, შუადღემდე დრო გვაქვს. რომ გითხრათ დიდი იმედი მაქვს-მეთქი, რაც პრაქტიკაში ხდება ვთქვათ, რომ რამეს შეცვლის აპელაცია, არა. სამართლებრივად გვაქვს ასეთი არგუმენტი, პირის დაბარება ხდება ამ კომისიის რეგლამენტით, კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც თავმჯდომარე და კომისიის მდივანი უნდა აწერდნენ ხელს, ასეთი გადაწყვეტილება, ეს ადმინისტრაციული აქტია, რომლის გასაჩივრებაც შეგიძლია, შეიძლება სასამართლომ გააუქმოს და უკვე ვალდებულება აღარ ჰქონოდა იქ მისვლისა, ასეთი დოკუმენტი, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარემ კი არ უნდა მოაწეროს ხელი და თავმჯდომარემ გადაწყვიტოს, კომისიის გადაწყვეტილება საქმეში არ დევს. წულუკიანის ხელმოწერის გარდა სხვა დოკუმენტი არ გვაქვს. სამართლებრივად მერე დანარჩენი ყველაფერი ამაზეა აწყობილი“, – თქვა ადვოკატმა.
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით გუშინ შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გუშინ გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.