მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების პროცესზე: პრეტენზია ვერავისთან მექნება

15.05.25 16:08
მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების პროცესზე: პრეტენზია ვერავისთან მექნება

11 სინდისის პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მიყვანილი მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა ამბობს, მან დაზიანება 28 ნომებრის საღამოს, აქციაზე მიიღო, რის შემდეგაც დაახლოებით 1 კვირა სამსახურში არ გასულა.

ბრალდებულებს კი პროკურატურა დანაშაულის ჩადენას 29 ნოემბერისა და შემდეგი პერიოდის აქციებზე ედევება.

"მე დავზიანდი 28 ნოემბერს და შესაბამისად პრეტენზია მაქვს, იმ ადამიანებთან, ვისზეც საუბარია 28-ში. 31-ში და პირველში მე სახლში ვიმყოფებოდი და შესაბამისად, მაგაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეთ მათ, ვინც დაზიანდა მაგ დღეებში" . - თქვა ხურცილავამ ადვოკატების შეკითხვაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ხურცილავას შეკითხვები დაუსვა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. პროკურატურა თეთრაშვილს დანაშაულის ჩადენას პირველ დეკემბერს ედავება. 

ხურცილავამ სხდომაზე თქვა, რომ პირველ დეკემბერთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ ექნება:

ჭკადუა: - შესაბამისად, ადამიანები, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი 2024 წლის პირველ დეკემბერს თითქოსდა ჩადენილ ძალადობაზე თქვენ მათ მიმართ რაიმე სახის პრეტენზია ვერ გექნებათ ასეა ხო?

ხურცილავა: - მე ვთქვი, რომ დავზიანდი 28 ნოემბერს

ჭკადუა: - შესაბამისად, ასეთ ადამიანთან, რომელსაც ბრალად ედება შესაძლო დანაშაულის ჩადება პირველ დეკემბერს, მის მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ, ასეა ხომ

ხურცილავა: - ეგრე გამოდის.

ჭკადუამ ჰკითხა ეცნობა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვალერი თერაშვილი, რაზეც მოწმე ხურცილავამ უპასუხა, რომ არავინ არ ეცნობა. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები