აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ხედავთ თქვენ ახლა აქ - ანდრო ჭიჭინაძე
აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ხედავთ თქვენ ახლა აქ - ასე მიმართა სასამართლოს დატყვევებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოწმე პოლიციელები ხელს არცერთ მათგანს არ ადებს, რეჟიმი ამ ყველაფერს ისე ფუთავს და ისე გადასცემს სამტავრობო მედიებით, რომ საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, რომ სინდისის პატიმრები დამნაშავეები არიან.
მეორე მოწმე იყო გამოძახებული, რომელსაც არანაირი შემხებლობა ჩვენთან არ აქვს. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ხედავთ თქვენ ახლა აქ. ეს ადამიანები მოჰყავთ, ალაპარაკებენ, რომ დაზიანდნენ და ალბათ, დაზიანდნენ კიდეც და თუ დაზიანდნენ, ეს არავის არ უხარია ნამდვილად. სამტავრობო მედიები ამას იყენებენ, არსებობს ასეთი პოლიტტექნოლოგიური ხრიკი, ლაპარაკობენ როგორ დაზიანდნენ და ჩვენ კადრს ანახებენ ამ ლაპარაკის დროს. ერთადერთი მიზეზი არის ეს, რომ საზოგადოება შექმნან ის აღქმა, რომ თითქოს ჩვენ, აი ამ ადამიანებთან შემხებლობაში ვართ, იმის მიუხედავად რომ ამბობენ, რომ ჩვენთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, რაღაცნაირად მაინც ცდილობენ, დალექონ, რომ თითქოს, ჩვენ ამ საქმეზე დამნაშავეები ვართ", - ამბობს ანდრო ჭიჭინაძე.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.