ხმაური სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე - მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს "მოძალადეები" უწოდა

15.05.25 16:49
ხმაური სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე - მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს "მოძალადეები" უწოდა

 

 

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესზე მისულმა მოწმე პოლიციელმა, ლაშა ბუიღლიშვილმა ევროპული აქციის მონაწილეებს მოძალადები ეძახა, რასაც ბრალდებულების უკმაყოფილება მოჰყვა.  

პოლიციელმა განაცხადა, რომ "აქციის იმ მონაწილეების მიმართ აქვს პრეტენზია, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებდნენ და ქვებს ისროდნენ". ადვოკატ ირმა ჭკადუას დამაზუსტებელი კითხვების საპასუხოდ, პოლიციელმა განაცხადა - "მოძალადეები არიან", - რასაც ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძის და დანარჩენი დაკავებულების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

"ვის გულისხმობ"?- იკითხა ჭიჭინაძემ, რასაც დარბაზში მყოფების მხრიდანაც ხმაური მოჰყვა.

„ბიჭო, თქვენ 500 ბავშვი დაჩეხეთ, ჩვენ ვართ მოძალადეები?“, - მიმართა პოლიციელს ბრალდებულმა ჯანო არჩაიამ.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულებს  შენიშვნა გამოუცხადა.

"შენიშვნას გაძლევთ, კიდევ ერთხელ განმეორდება მსგავსი შემთხვევა და სხდომათა დარბაზიდან გაგაძევებთ",- განაცხადა გალუსტაშვილმა.

სხდომა ერთ-ერთმა დამსწრემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული პირი დარბაზიდან წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის გაძევებულია.

სხდომაზე საინტერესო იყო კიდევ ერთი დეტალი, მოწმედ გამოძახებული პოლიციელი ამბობდა, რომ აქციაზე პირველ დეკემბერს 21 საათსა და 15 წუთამდე მონაკვეთში დაზიანდა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კი ლაშა ბუიღლიშვილს უთხრა, რომ სინდისის 11 პატიმარს კონკრეტული დღის გამო ედებათ ბრალი და არა იმ მონაკვეთის გამო, რა დროსაც მოწმე ამტკიცებს, რომ დაშავდა. 

თქვენ იმის შემდეგ ან მანამდე რა იყო, ეს თქვენ არ გეხებათ, იმიტომ რომ თქვენ დაზიანდით პირველ დეკემბერს 21 საათსა და 15 წუთამდე მონაკვეთში, იმის შემდეგ თქვენ არ ყოფილხართ აქციაზე, ამიტომ იმის შემდეგ რა მოხდა, ამას ვერ შეგეკითხებით და თქვენი დამოკიდებულებები და მოსაზრებები ჩვენ არ გვაინტერესებს"  - უთხრა მოწმეს ირმა ჭკადუამ. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები