ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. ჟურნალისტის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმეებს გამოჰკითხავენ.
ჟურნალისტის საქმის დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც განცხადებას ავრცელებს:
„მზიას ასამართლებენ იმიტომ, რომ კრიტიკული ჟურნალისტია.მას ასამართლებენ იმიტომ, რომ უარს ამბობს სიჩუმეზე - უსამართლობის წინაშე. ამიტომ ვიქნები ბათუმში — რომ დავუდგე მხარში მას და ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის.
როგორც ევროპარლამენტარი, ვაცხადებ:
საქართველო ეკუთვნის ევროპას, მაგრამ ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, რომელიც თელავს ადამიანის უფლებებსა და პრესის თავისუფლებას, მას ადგილი არ აქვს ევროკავშირში.
როდესაც ჟურნალისტებს ადუმებენ — დემოკრატია თავად დგება საფრთხის წინაშე.“
ცნობისთის, ამ დრომდე ხელშეუხებელია ამ საქმის მთავარი ფიგურანტი, მომჩივანი პოლიციელი ირაკლი დგებუაძე. ის წინა სხდომაზე გამოჰკითხეს. დგებუაძე ამტკიცებდა, რომ ალიყურის გამო ტკივილი განიცადა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და ემუქრებოდა, თვითონ იყო.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.