"სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის გაურტყამს" - ექსპერტი მზია ამაღლობელის სასამართლოზე
"სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის გაურტყამს" - ამის შესახებ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მისულმა ექსპერტმა განაცხადა.
გივი ჩხარტიშვილმა სასამართლოს პირდაპირ უთხრა, არც ტკივილია დაზიანების ობიექტური ნიშანი და არც ლოყაზე სიწითლე.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, პროკურატურის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გამოიკითხა.
დღევანდელ პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი ანნა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი მარდისალუ კაჰარი და ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ესწრებიან.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.