მზია ამაღლობელს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა - სამედიცინო ექსპერტი
სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ მზია ამაღლობელს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დროს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.
გივი ჩხარტიშვილის თქმით, დაზიანებები დაპატიმრებულ ჟურნალისტს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად მიადგა.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, პროკურატურის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა.
მზია ამაღლობელს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დროს მარცხენა ყბის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
ექსპერტიზის დროს, უშუალოდ შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, შეხლა-შემოხლის დროს წააქციეს, ასევე უცნობმა პირმა მხრის არეში მოუჭირა ხელი." - თქვა გივი ჩხარტიშვილმა
სხდომათა დარბაზში ისმის ამაღლობელის მხარდამჭერთა შეძახილები - "თავისუფლება მზიას", რომლებიც სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილები.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.