პროტესტი ლონდონში - საინვესტიციო ფორუმის პარალელურად, ქართველი ემიგრანტები საფონდო ბირჟასთან აქციას მართავენ
ლონდონის საფონდო ბირჟასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. “ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ მხარდამჭერ ბიზნესმენებს და ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებს, მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შესვლა პროტესტის ფონზე უწევდათ.
როგორც ირკვევა, საელჩომ საინვესტიციო ღონისძიებაზე არც ერთი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი არ შეუშვა.
დავით ჯინჭარაძე, რომელიც საინვესტიციო ფორუმს უნდა დასწრებოდა და კრიტიკული კითხვები დაესვა ლევან დავითაშვილისთვის, ახლა შენობის გარეთ, აქციაზე იმყოფება. მისი მტკიცებით, „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა,ლაშა იორდანიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჯინჭარაძის ცნობითვე, "ოცნების" მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფორუმზე ჩუმად, უკანა შესასვლელიდან შეიპარა.
აქციის მონაწილეები ლონდონის საფონდო ბირჟასთან საქართველოს დროშებით და ნაწამები მოქალაქეების ფოტო სურათებით გამოჩნდნენ.
“მონებო, თქვენ ხართ პუტინის ხელის ბიჭები და პუტინთან ერთად დასრულდებით თქვენც“,- ამ სიტყვების მოსმენა უწევდათ იმ ადამაინებს, ვინც საინვესტიციო ფორუმზე დასასწრებად მივიდა.
ხელში გვაქვს საოცრად დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები, რომელთა დასახიჩრებაშიც ახლანდელმა მთავრობამ უდიდესი როლი ითამაშა. ასევე, დღევანდელი საქართველოს დამონებაშიც. ვდგავართ აქ და ვაპროტესტებთ. უცხოელებიდან ძალიან მცირე რაოდენობაა მოსული, ის ფაქტი, რომ ისინი აქ მოდიან და ისმენენ იმ დეზინფორმაციას, რასაც მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ, არის სამარცხვინო“,- ამბობს აქციის მონაწილე.
საინვესტიციო ფორუმი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.