"ქალს ნაჯახის ყუით დარტყმები მიაყენა" - პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია დაკავებულია

მეგობარი ქალის დაჭრაში მხილებული პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია დაკავებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, ზუგდიდში დაბადებული ბიზნესმენი პოლიციას თავად ჩაბარდა.
- ხუბუტიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ქალის მკვლელობის მცდელობის, ფიზიკური ზიანის მიყენებისა და მკვლელობის მუქარის მუხლებით.
როგორც მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველო იტყობინება, გამოძიებით დადგინდა რომ 2025 წლის 24 აპრილს ხუბუტიამ ნაჯახის ყუით დარტყმები მიაყენა იულია ვანს, რამაც მაჯის დახურული მოტეხილობა, ასევე კიდურების ჭრილობები და დაჟეჟილობები გამოიწვია.
ხუბუტია, რომელიც მოსკოვის ოლქის ყოფილი ვაჭრობის მინისტრია და იულია ვანი ურთიერთობაში 2024 წლის დეკემბრამდე იყვნენ და წყვილს შვილიც შეეძინა. ქალის ნათესავების თქმით, მას შემდეგ, რაც იულია ვანმა დაშორება გადაწყვიტა, ხუბუტიამ მის მიმართ მუქარები დაიწყო და დაჰპირდა, რომ ბავშვს და ქონებას წაართმევდა, თავად ქალს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავდა. ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს მეზობელ ოთახში ეძინა.