"ჩვენ გხედავთ!" - სუსი და კაციტაძის უწყება დღეს პროტესტის ეპიცენტრი იქნება
ერთობის მარში საბურთალოზე - დღეს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და სუსთან მივლენ. "ჩვენ გხედავთ" - ესაა საპროტესტო მსვლელობის სახელი, რომელიც ზუსტად 15:00 საათზე სამედიცინოს მეტროდან დაიძრება.
სანქცირებული კარლო კაციტაძის უწყებასთან ხალხი პოლიციელების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებს გააპროტესტებს, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელია და თვეებია თაროზეა შემოდებული. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა და წამების ათობით ფაქტი, რაზეც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა, ხალხს არ დაავიწყდებათ.
"ჩვენ გახედავთ" - ეს არის დრევანდელი მარშის სახელი, ვინაიდან ჩვენ ვხედაავთ ყველა იმ დანაშაულს, რაზეც პასუხისმგებელია ეს თითოეული ორგანო. ისინი არიან თანამზრახველები საქართველოს გაყიდვისა, თანამზრახველები საქართველოს დემოკრატიული კურსისგან გადახვევის, ისინი არიან პასუხისმგებლები იმ ყველაფერზე, რაც ხდება დღეს ჩვენს თავს და ჩვენი ქვეყნის თავს. ფაქტობრივად, ადამიანები, რომლებიც ამ სტრუქტურებში მუშაობენ, ხელს უწყობენ თითოეულ იმ მაღალჩინოსანს, რომელიც ცდილობს, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, - ამბობს აქტივისტი ანა პეტროსიანი.
აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.
მოგიწოდებთ, რომ ყველამ მიიღოთ მონაწილეობა. ერთობის მარში გაიმართება 15:00 საათზე მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტიდან. ძალიან კარგი იქნება, დღეს თუ ბევრნი ვიქნებით, მაქსიმალურად გამოვალთ ქუჩებში და ავახმაურებთ ისეთ უბანს, საბურთალოს, სადაც დიდად პროტესტები არ არის ხოლმე. წავალტ სპეციალურ საგამოძებო სამსახურთან და სუსთან, - ამბობს მაგდა მამუკაშვილი.