ბექა ონიანის ცემის ბრალდებით ივა ტყეშელაშვილი დააკავეს
31 წლის სპორტსმენის, ბექა ონიანის ცემის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ივა ტყეშელაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რო თბილისში ახალგაზრდა კაცი სცემეს. ოჯახი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას ამბობს, რომ 31 წლის ბექა ონიანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ამ დრომდე ხელოვნურ კომაშია.
შემთხვევა გუშინ, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარედ მოხდა.
ოჯახის ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას მოხდა, ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდნენ და ბლაგვი საგნით გაუსწორდნენ.