მიუღებელია ბიუჯეტის ხარჯვა პარტიული ერთგულებისა და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით - საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი

"შეშფოთებულები ვართ საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკისა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო", - ამის შესახებ “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი” შაბათის ეთერში გასული რეზონანსული რეპორტაჟის შემდეგ წერს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც საჯარო უწყებებიდან ადამიანებს სწორედ ბიუჯეტის ოპტიმიზირების და თანხების დაზოგვის მოტივით უშვებენ, დაუშვებელია მაღალი ხელფასის დანიშვნა შოუბიზნესის იმ წარმომადგენლებზე, რომლებც სამსახურებში ფიზიკურადაც კი არ ჩნდებიან. საგანგებო განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მიუღებელია ბიუჯეტის ხარჯვა პარტიული ერთგულებისა და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით.
“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი” აცხადებს შეშფოთებას საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკისა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო.
ხელმისაწვდომი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირთა ანაზღაურებაში, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაო ფუნქციებს. საუბარია ძირითადად შოუბიზნესის წარმომადგენლებზე – მომღერლებსა და მსახიობებზე – რომლებიც სამსახურში ფიზიკურად არ ჩნდებიან, თუმცა მაინც იღებენ მაღალი ოდენობის ხელფასებს. მათი ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, სამჯერ აღემატება იმ თანამშრომლების შრომის ფასს, ვინც უშუალოდ და ყოველდღიურად უზრუნველყოფს საჯარო სერვისების მიწოდებას.
იმ ფონზე, როდესაც ბოლო ნახევარი წლის მანძილზე, საჯარო სამსახურებიდან კადრების მასობრივი გათავისუფლებები სწორედ ბიუჯეტის ოპტიმიზებას და თანხების დაზოგვის მიზნით განხორციელდა, როდესაც საზოგადოებრივი სერვისების ხარისხი ყოველდღიურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და საჯარო სექტორის რეალური თანამშრომლები იღებენ არასაკმარის ანაზღაურებას, სრულიად მიუღებელია ბიუჯეტის ხარჯვა პარტიული ერთგულებისა და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით. მსგავსი მიდგომა არღვევს სამართლიანობის პრინციპს და ამცირებს სახელმწიფო სამსახურისადმი ნდობას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ:
- საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პრივილეგირებულ ჯგუფებს;
- ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს გამჭვირვალედ, სამართლიანად და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით;
- განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება არ უნდა წარმოადგენდეს დევნის საფუძველს საჯარო სამსახურში.
კალაძემ დიდ დიღომში გახსნილ მერიის საზოგადოებრივ ცენტრში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მსახიობები, მომღერლები და ცნობილი თამადა გააფორმა. აღნიშნულ ცენტრს ხალხი საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს. დოკუმენტების თანახმად, აქ სულ 170 თანამშრომელია დასაქმებული.
"შაბათის ეთერმა" სახელფასო გადარიცხვების სია მოიპოვა, საიდანაც დგინდება, რომ ყოველ წლიურად ამ მომღერლებს და მსახიობებს ჯამურად დიღმის სპორტული კომპლექსიდან 150 ათას ლარზე მეტი ერიცხებათ.