თავდასხმა სპორტსმენზე - ბექა ონიანის ცემის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27 წლის სპორტსმენის, ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
რაც შეეხება ბექა ონიანს, ახალგაზრდა ამ დრომდე ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ხელოვნურ კომაში რჩება.
ცნობისთვის, 27 წლის სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა.
დაშავებული სპორტსმენის ოჯახის ინფორმაციით, ივა ტყეშელაშვილი ფეხბურთელს უკნიდან იმ დროს მიეპარა, როდესაც ბექა ონიანი ავტომობილში ჯდებოდა. მწვრთნელმა სპორტსმენს, სავარაუდოდ, ე.წ კასტეტით კეფის ძვალი დაუმტვრია და წაქცეულს, უგონო მდგომარეობაში მყოფს ზედ წიხლებით შედგა.
სპორტსემენი კავკასიის მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.