ჯგუფური თავდასხმა მოზარდებზე - რას ამბობენ სკოლაში, რომლის მოსწავლეებს ჯგუფურად გაუსწორდნენ

20.05.25 17:34
ჯგუფური თავდასხმა მოზარდებზე - რას ამბობენ სკოლაში, რომლის მოსწავლეებს ჯგუფურად გაუსწორდნენ

ანგარიშსწორება ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - გორში, მოსწავლეებს შორის მომხდარი გარჩევის დროს მეშვიდე კლასის მოსწავლეს დაზიანებები სახეზე ჰქონდა  მიყენებული.

ინფორმაციას " პირველებთან " იმ სკოლის დირექტორი  და მასწავლებლებიც ადასტურებენ,  სადაც დაზარალებული ძმები, 13 და 15 წლის ბიჭები სწავლობდნენ.

სკოლის დირექტორი "პირველებთან" ამბობს, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი  პირადადა ნახა  და მას  სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და  თვალი  ჰქონდა დალურჯებული.

მისი თქმით, მეშვიდე კლასის მოსწავლე ამჯერად სახლში გადის მკურნალობას. 

მშობლებთან მქონდა კომუნიკაცია, ბავშვი ვანახე პირადად. თვალი ჰქონდა დალურჯებული სხვა დაზიანება არ ჰქონდა ბავშვს.

ჩვენი მოსწავლეა - მე-7 კლასელია. ნორმალურად არის, სახლშია, სტაციონარში მოთავსება არ დასჭირდა. გამოძიება დაწყებულია და დანარჩენი დეტალები, ნამდვილად არ ვიცი ", - ამბობს სკოლის დირექტორი.

გამოძიების დასრულებას ელოდება ნაცემი ბავშვების მასწავლებელიც. პედაგოგი მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.  

სამწუხარო ფაქტი მოხდა - გამოძიება, ალბათ იტყვის სრულყოფილად სიმართლეს, რა მოხდა. ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით. გარემო ბავშვისთვის იმდენად უსაფრთხოა, ვიდრე მშობლები არ აქცევენ ყურადღებას და შედეგად ხდება ის, რაც ხდება. ნებისმიერ შენიშვნას აღიქვამენ აგრესიით და შედეგიც ეს არის", - ამბობს სკოლის მასწავლებელი. 

უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილი მოზარდებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის რომანტიზების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. 

მისი თქმით,  გასული წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 21% თვლის, რომ მათ მიმართ განხორციელებული უსამართლობის შემთხვევაში დასახმარებლად სწორედ კრიმინალურ სუბკულტურას მიმართავს. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზარდებში არის გაზრდილი კრიმინალური სუბკულტურის სურვილი. გასული წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 21% თვლის, რომ მათ მიმართ განხორციელებული უსამართლობის შემთხვევაში დასახმარებლად სწორედ კრიმინალურ სუბკულტურას მიმართავს. ამ პრობლემის დაძლევა სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს, კომპლექსურ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინდივიდუალური, ოჯახური თუ სოციალური მიზეზების აღმოფხვრა, დაძლევა, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებსა და არასრულწლოვანებში ამ მენტალიტეტის გაძლიერებას. როდესაც ადამიანები ირჩევენ გზას, რომ დასახმარებლად მიმართონ კრიმინალური ავტორიტეტის წარმომადგენლებს ეს არის განპირობებული მართლმსაჯულების და სამართალ სისტემების უნდობლობით", - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ჯგუფური ანგარიშსწორება გორის ცენტრში 17 მაისს ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, 13 და 15 წლის ძმებს ჯგუფურად მხოლოდ იმის გამოუსწორდნენ, რომ "ტიკ ტოკზე" მათი კომენტარი "ქურდული სამყაროს" მიმართ უპატივცემულობად ჩაითვალა. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ არსებობს ფაქტის ამსახველი აუდიოჩანაწერიც, რომელსაც დიდი ალბათობით, თავად მოძალადეები ახორციელებდნენ.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ჩანაწერში ისმის, როგორ ურტყამენ არასრულწლოვნებს და როგორ ითხოვენ ისინი დახმარებას. ისმის, ისიც, როგორ შიშობენ თავად თავდამსხმელები, რომ შეიძლება, მიყენებული დაზიანებების გამო ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მხედველობაც კი დაკარგოს.

ჯერჯერობით პასუხიგაცუემელია კითხვები, ვისი დავალებით გაუსწორდნენ არასრულწლოვან ძმებს და რატომ არ აკავებს პოლიცია სავარაუდო დამნაშავეებს. 

მას შემდეგ რაც მედიამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, პოლიციამ დაადასტურა, რომ გორში მოზარდების ცემის ბრალდებით, 2008 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები