ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციომ სააკაშვილის განაჩენი ძალაში დატოვა
ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე, ძალაში დატოვა.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ამით სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, ანუ მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება ფაქტობრივად წაერთვა, რადგან სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო. ირონიულია ის ფაქტიც, რომ ამავე მოსამართლემ უნდა განიხილოს “პიჯაკების” საქმე სააპელაციო სასამართლოში,-განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, მათ სააპელაციო განხილვებზე სურდათ აეხსნათ, რატომ იყო სააკაშვილისთვის საბოლოო სასჯელად განსაზღვრული 12,5 წლიანი პატიმრობა დაუსაბუთებელი:
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს“-დასძინა მან.
ცნობისთვის, 16 მარტს ე.წ. საღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ე.წ. პიჯაკების საქმის განაჩენს ზევიდან 4 წლით და 6 თვით სასჯელი დაუმატა. ჯამში, მესამე პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით განესაზაღვრა.