მოსამართლემ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვიტა - რა ხდებოდა პროცესზე?

20.05.25 20:24
მოსამართლემ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვიტა - რა ხდებოდა პროცესზე?

მოსამართლე ლევან გელოვანმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვიტა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.

პროცესზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი მოსამართლეს უხსნიდა, რატომ არ უნდა დაწყებულიყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. გვარამიამ მთავარ არგუმენტად ის მუხლი დაასახელა, რომელიც წაყენებული აქვს. ირკვევა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლს ანალოგი ადმინისტრაციულ კოდექსსიც აქვს. 

ნიკა გვარამია დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ გამოძიება მაინც და მაინც სისხლის სამართლის მუხლით და რატომ დათანხმდა გაბიტაშილის უწყება უაპელაციოდ წულუკიანის მოთხოვნას, როდესაც ადმინისტრაციულ კოდექსში მსგავის მოქმედი მუხლი არსებობდა.

პროკურატურამ უნდა მიპასუხოს, რატომ გადაწყვიტა მან, რომ სისხლის სამართლებრივი ნორმის აღსრულება გამოიწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლი ამ მისიას ვერ შეასრულებს?, - თქვა ნიკა გვარამიამ. 

თავის მხრივ, მოსამართლემ პროცესზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ორი მსგავის მუხლი სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ კოდექსში სამართლებრივი ლაფსუსია. ასევე, ლევან გელოვანმა პროკურორს ჰკითხა, რატომ იყო, საერთოდ, ეს საქმე სასამართლოში შეტანილი. 

სასამართლო პროცესზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა, საბოლოოდ, კი მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილიყო.

ვრცლად, რა ხდებოდა პროცესზე, ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები