სტრასბურგის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - ალექსანდრე ბარამიძე ლექსო მაჭავარიანის საქმეზე

21.05.25 11:23
სტრასბურგის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - ალექსანდრე ბარამიძე ლექსო მაჭავარიანის საქმეზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლექსო მაჭავარიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქვედა ინსტანციებს მიუთითა, რომ პირის დაკავების ან დაპატიმრების კანონიერებაზე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იმსჯელონ. 

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ამ პრეცედენტიდან გამომდინარე, თუ მსგავის პრაქტიკა საქართველოში კიდევ განმეორდა, ეს ერთმნიშვნელოვნად  კონვენციის მე-5 მუხლის მორიგ ჯერზე დარღვევა იქნება. 

ამ ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა შიდა სასამართლოების ვალდებულება, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იმსჯელონ პირის დაკავების ან დაპატიმრების კანონიერებაზე იმ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რომელსაც აქვს კონკრეტულ საქმეში ადგილი. ზოგადი მითითება კანონის ამა თუ იმ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს დაკავებას ან პატიმრობას, არ არის საკმარისი.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო ხანებში მასობრივად იყენებდნენ პროტესტთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების, და არა მარტო, წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავების მუხლებს ისე, რომ არცერთი სასამართლო არ მსჯელობდა, რამდენად სავალდებულო და აუცილებელი იყო პირის დაკავება კონკრეტულ გარემოებებში. ზუსტად ამ პრეცედენტიდან გამომდინარე, ასეთი რამ თუ განმეორდა მომავალში, თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში ეს იქნება კონვენციის მე-5 მუხლის კიდევ ერთხელ დარღვევა, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 
 

დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

მაჭავარიანის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები