მნიშვნელოვანია, სასმართლომ შეაფასოს, რამდენად კანონიერად მოხდა ამა თუ იმ პირის დაკავება - იურისტები
ლექსო მაჭავარიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ იურისტები კანონის შეცვლას ითხოვენ. საქმე ეხება აქტივისტების ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებას ისე, რომ დაკავების კანონიერებაზე სასამართლო არც კი მსჯელობს.
იურისტები განმარტებით, მაშინ, როდესა პირი მისი დაკავების კანონიერების დადგენას ცდილობს, ამისთვის ისევ შსს-ს უნდა მიმართოს, რაც ხანგრძლივი და არაეფექტიანი პროცედურაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თავად სასამართლომ შეაფასოს, რამდენად კანონიერად მოხდა ამა თუ იმ პირის ადმინისტრაციული დაკავება.
დღევანდელი მოცემულობა არის ამგვარი, რომ იმისთვის, რომ კონკრეტულმა პირმა შეძლოს დაკავების კანონიერებაზე გარკვეული პლეზის წარდგენა, მას უწევს არა სასამართლოში ამაზე მსჯელობა პირველივე ეტაპზე, არამედ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ ისევ შსს-ში უნდა წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი და უნდა მიჰყვეს იმ პროცედურებს, რომელიც არის ძალიან ხანგრძლივი და ძალიან არაეფექტიანი. ცხადია, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ყოველივეს და მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა მოსამართლემ თვითონაც და მითუმეტეს, როცა ამას შუამდგომლობით მხარე და მხარის ადვოკატი წარადგენს, უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული პატიმრობა და რამდენად იყო ის წინაპირობები, რომელსაც სამართალდარღვევათა კოდექსი სავალდებულოდ მიიჩნევს დაკავების პერიოდში, - ამბობს იურისტი.
იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ სასამართლო უნდა დაუფიქრდეს თავის გადაწყვეტილებას, როდესაც აცხადებს, რომ პირის ადმინისტრაციულ კანონიერებაზე მსჯელობა მისი პრეროგატივა არ არის.
ეს ნიშნავს, რომ მოვლენებს გაუსწრო ამ გადაწყვეტილებამ თუ დავუკავშირებთ დღევანდელ განვითარებულ მოვლენებს. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი სასამართლოსთვის დღეს, რომ სასამართლომ უკვე გადაწყვიტა და იმსჯელა ისეთ საკითხზე, რომელიც დღეს უკვე დღის წესრიგში ყოველდღიურად დგას და თუ თქვენ არ ითვალისწინებდით, მაგალითად, გადაწყვეტილებებს ევროპული სასამართლოსი, რომელიც სხვა ქვეყნებს ეხებოდა, ახლა უკვე გვაქვს უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოს, რომელიც ეხება იმავე კონტექსტს, რომელიც ეხება ისევ აქტივისტს და თითქმის იგივეა გარემოება გარდა სახელებისა და გვარებისა, რომლებიც წარმოდგენილები არიან მომჩივნების სახით სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სასამართლო უკვე კიდევ უფრო მეტად უნდა დაუფიქრდეს თავის გადაწყვეტილებას, როდესაც მიუთითებს, რომ ეს ჩემი განსახილველი არ არის, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
მაჭავარიანის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს.