"მზია ამაღლობელი: პრესის თავისუფლების დამცველი საქართველოში" - მაკკეინის ინსტიტუტის სტატია ქალ ჟურნალისტზე

21.05.25 19:40
"მზია ამაღლობელი: პრესის თავისუფლების დამცველი საქართველოში" - მაკკეინის ინსტიტუტის სტატია ქალ ჟურნალისტზე

"მზია ამაღლობელი: პრესის თავისუფლების დამცველი საქართველოში"  - ამ სათაურით მაკკეინის ინსტიტუტი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შესახებ სტატიას აქვეყნებს

მაკკეინის ინსტიტუტი დეტალურად მიმოიხილავს ყველა გარემოებას, მათ შორის, მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილების დადების მომენტს და წერს, რომ ჟურნალისტისთვის წაყენებული ბრალდება "დრაკონულია", მისი პატიმრობა კი "უსამართლო გადაწყვეტილება". 

მაკკეინის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი ივანიშვილის რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მათივე განმარტებით, ჟურნალისტი მზარდი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე "სიმართლის გაშუქებისადმი ერთგულებას" აჩვენებდა. 

ამაღლობელის დაპატიმრება არ არის თავდასხმა მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე – ეს არის თავდასხმა თავად პრესის თავისუფლებაზე. ყოველი დღე, რომელსაც მზია ამაღლობელი გისოსებს მიღმა ატარებს, არის კიდევ ერთი დარტყმა თავისუფლების იდეაზე საქართველოში. მსოფლიო უნდა დადგეს ამაღლობელის გვერდით და მოითხოვოს მისი გათავისუფლება.

მისი სისხლისსამართლებრივი დევნა არის ტრაგიკული დემონსტრირება იმისა, თუ როგორ ისჯებიან ჟურნალისტები მათი საქმიანობისთვის და გაფრთხილება დემოკრატიისთვის მებრძოლი ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით, მედიისთვის.

ეს საქმე ქართულ მედია საზოგადოებას უგზავნის დამაშინებელი ეფექტის მქონე შეტყობინებას. გარდა ამის, მისი დაკავება არის შურისძიება მის მედია-გამოცემებზე, “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებზე”, რომლებიც არიან მზარდი ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას გამოავლინეს მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების მანიპულირებისა და სხვა უკანონო პრაქტიკები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს. 

"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. 

ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები