ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება - რას იზამს რეჟიმი
ევროსასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ლექსო მაჭავარიანის ეს დაკავება მისი უფლებების დარღვევად შეაფასა. სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო უნდა მსჯელობდეს, რამდენად კანონიერია აქტივისტების დაკავება და 24 ან 48 საათით დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოში ცალ-ცალკე მსჯელობენ რამდენად კანონიერი იყო პატიმრობა და ჩაიდინა თუ არა პირმა სამართალდარღვევა. ერთსა და იმავე სხდომაზე არ მსჯელობს მოსამართლე, რამდენად დასაბუთებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქე დროებითი მოთავსების იზოლატორში გაეშვა და არ სვამს კითხვას, შეეძლო თუ არა პოლიციელს ადგილზე გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმი.
ლექსო მაჭავარიანი, ვის საქმეზეც პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ, 2020 წელს პარლამენტთან დააკავეს აქციაზე შეშის მიტანის მცდელობის გამო. მას დროებითი მოთავსების იზოლატორში 22 საათის გატარება მოუწია, სასამართლომ კი 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შემდეგ ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ უფრო გამკაცრდა - 24 საათის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია მოქალაქე 48 საათით დატოვოს პატიმრობაში, შემოიღო პრევენციული დაკავების მექანიზმი და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაზარდა.