გადამალული მოწმე მზია ამაღლობელის საქმეში - "პირველებმა" პოლიციელს მიაგნო

22.05.25 11:56
გადამალული მოწმე მზია ამაღლობელის საქმეში - "პირველებმა" პოლიციელს მიაგნო

გადამალული მოწმე პოლიციელი მზია ამაღლობელის საქმეში - "პირველებმა" ვლადიმერ ჩიტაიას მიაგნო, რომელიც პროკურატურამ გასულ კვირას მოწმეთა სიიდან ჩახსნა. ვლადიმერ ჩიტაია ის პოლიციელია, რომელმაც გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის დაკავებიდან 2 თვეში, გამომძიებელ დარჩიას პატაკი დაუწერა. 

როგორც ვლადიმერ ჩიტაია ირწმუნებოდა, "ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას" იმის თაობაზე, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში კონკრეტული მტკიცებულებები ინახებოდა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ  ჟურნალისტმა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა. 

სწორედ მისი პატაკის საფუძველზე სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ჟურნალისტის პირადი მობილური ტელეფონის გახსნის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

"პირველებმა" დღეს სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სცადა ვლადიმერ ჩიტაიასთვის კითხვების დასმა. გურიის სამხარეო პოლიციის რიგითი ოპერი "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრის დროს ამტკიცებდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია პირადი კონტაქტების დახმარებით მიიღო, თუმცა ვერ თქვა, რატომ მიაწოდა ეს ინფორმაცია გამოძიებას მხოლოდ 2 თვის გასვლის შემდეგ. 

ოპერატიული ინფორმაცია პირადი კონტაქტებით მივიღე. რატომ დამდევთ? რას ქვია წასვლის საშუალებას არ მომცემთ. მე არაფრის მეშინია, არ ვიმალები. რა მაქვს დასამალი?!". - განაცხადა ვლადიმერ ჩიტაიამ. 

 

ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს. 

"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. 

ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები