შსს-ს უპრეცედენტო მობილიზება სასამართლოსთან - ადგილზე პოლიციელები მიკროავტობუსებით მიიყვანეს
2 საათი ზურა ჯაფარიძის პროცესამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული. ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ამ წუთებში, გომელაურის პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა.
ადგილზე სამართალდამცველები მიკროავტობუსებით მიიყვანეს. ამის ამსახველი კადრები "ტვ პირველმა" გადაიღო და "პირველებს" საუბარში პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმაც დაუდასტურა.
"ის რაოდენობაა, რაც დასჭირდება საზოგადოებრივ წესრიგს...რამდენიმე ავტობუსით გვყავს მოყვანილი"- ამბობს გოგა მემანიშვილი.
წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების შეკრებაა დაანონსებული.
ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მას ხელბორკილებს დაადებენ და ციხეში გაუშვებენ.
- შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.