ჯაფარიძის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან - ადგილზე ხმაურია
ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება - შეკრებილებმა გზა გადაკეტეს და საქალაქო სასამართლოს უკანა მხარეს მდებარე საავტომობილო გზის ნაწილი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიკავეს, თუმცა მოგვიანებით, პოლიციამ ტერიტორიის ხალხისგან გაწმენდის ოპერაცია დაიწყო და ადგილი გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურიც იყო. მოქალაქეები, რომლებსაც სასამართლოს ეზოში არ უშვებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან განმარტებებს ითხოვდნენ, თუმცა მათ პასუხები ვერ მიიღეს.
- საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. ოპოზიციონერ ლიდერს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის საამრთლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.