ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს

22.05.25 18:52
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.

ამის შემდეგ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე სათათბიროდ გავიდა-ცოტა ხანში გახდება ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა ჯაფარიძის მოთხოვნა, ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ირღვეოდა დაცვის უფლებაც და ამიტომ დატოვეს სხდომათა დარბაზი.

ჩვენ ზურა ჯაფარიძესთან შეთანხმებით, როდესაც მას აღარ ჰქონდა სურვილი და აზრიც ვერ დაინახა, რომ ადვოკატი ჰყოლოდა სასამართლო დარბაზში, რადგან ფაქტობრივად, არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და დაცვის უფლებაც ირღვეოდა, პროტესტის ნიშნად, ვთქვით, რომ იქ ადვოკატის ყოფნას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. იმიტომ რომ დარღვეულია ყველა უფლება, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს სასამართლო დარბაზში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო ჯაფარიძესთან შეთანხმებული.

შუამდგომლობები გვაქვს, რომელიც დავუტოვე ზურას. მე გული დამწყდა, რომ ის მარტო დავტოვე, მაგრამ ეს იყო მისი და საერთო გადაწყვეტილება. რაც შეეხება შუამდგომლობებს-ეს არის დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა და მეორე, აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს საერთო გაუქმების უფლება, შემდეგ კი შუამდგომლობაზე პასუხი, ვინაიდან, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ დააყენოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა, -განაცხადა ჩომახაშვილმა.

მანამდე, მოსამართლე შვანგირაძემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა არ გადადო. 

დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ პროცესზე, მათ შორის ითხოვეს თეა ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვა, ასევე შუამდგომლობა დააყენეს პოლიციის მაღალჩინოსნების - ვაჟა სირაძის და სერგი ბზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებითაც. 

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

მსგავსი სიახლეები