"2 დაკავებული ქალიდან ერთს აღენიშნებოდა შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები" - ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქტივისტები მოინახულეს

23.05.25 11:59
"2 დაკავებული ქალიდან ერთს აღენიშნებოდა შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები" - ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქტივისტები მოინახულეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 22 მაისს თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ  ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი - ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი იზოლატორში მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.

სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.

უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე - 1481- წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი პოლიციამ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. 

სამოქალაქო აქტივისტები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები