თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს გამართულ პროცესზე, თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატმა, წულუკიანის კომისიის ყველა წევრის გამოკითხვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო, თვითონ ოქრუაშვილიც ესწრებოდა. შესავალი სიტყვები ვთქვით. ჩვენ წინასასამართლო სხდომაზე გვინდოდა, რომ თვითონ კომისიის წევრები დაეკითხათ, იმიტომ, რომ მათ უნდა გვიპასუხონ კითხვებზე, მაგრამ სასამართლომ უარი გვითხრა. 7-ვე წევრი გვინდოდა, მაგრამ უარი თქვა სასამართლომ და არცერთ პროცესზე არ დაუშვეს ისინი მოწმეებად, პროკურატურას არ შეჰყავს მოწმეების სიაში. ფოსტის კლერკებთან და ამ კომისიის ტექნიკურ თანამშრომლებთან კითხვები ჩვენ არ გვაქვს. შემდეგ პროცესზე გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს და 4 ივლისს დასკვნით სიტყვას ვიტყვით, ამით დასრულდება აღნიშნული პროცესი,-განაცხადა ჭაბაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო.