სინდისის პატიმრების პროცესი- მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს შორის მასზე თავდამსხმელი ვერ ამოიცნო
სინდისის პატიმრების პროცესი- თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ჩვენებას დაზარალებული პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე აძლევს.
მისი ჩვენების მიხედვით, საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვა სახის არეში მოხვდა და მიიღო დაზიანება. თუმცა ჭანტურიძემ სინდისის ვერცერთ პატიმარს შორის ვერ ამოიცნო ის პირი, რომელმაც მისი მისამართით ქვა ისროლა.
მივიღე დაზიანება სახის არეში, ნასროლი ქვის ფილა მომხვდა, ჩამიტარდა ოპერაციები და კიდევ მაქვს ჩასატარებელი. ვინ მესროლა ვერ დავინახე, ნიღბებით იყვნენ, მაქსიმალურად ვცდილობდი ამეცილებინა“,- ასე პასუხობდა ადვოკატების კითხვას ჭანტურიძე.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ პროცესები ბანალური გახდა და ეს არის პროცედურების ნაწილი, რომელსაც საგამოძიებო უწყება საქალაქოში ატარებს.
ვიდრე მტკიცებულებების, ჩხრეკის, ოქმეების მოწმეებზე არ გადავა საქმის განხილვა, იქნება მონოტონურად ერთიდაიგივე,-ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა.
ეს არის პროპაგანდისტული მედიებისთვის შოუ, თუმცა ყველა მოწმე, ყველა პროცესზე, ცალსახად აცხადებს, რომ არ შეუძლიათ არც იდენტიფიცირება და უფრო მეტიც, ბრალდების მხარე, არც ედავება ბრალდებულებს. ეს დაზარალებულები აქ მოყვანილები არიან მხოლოდ და მხოლოდ სურათის შესაქმნელად, თითქოს, რაღაც დანაშაულეს ჰქონდა ადგილი,- ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის - ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
ამ დრომდე, სასამართლოში მიყვანილმა ვერცერთმა მოწმემ ვერცერთ დაკავებულს ხელი ვერ დაადო. ვერავინ თქვა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მათ რაიმე ზიანი მიაყენეს.