“ვერ გეტყვით, ესენი არიან თუ არა“-მოწმე პოლიციელი ხელს ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ ადებს

23.05.25 17:27
“ვერ გეტყვით, ესენი არიან თუ არა“-მოწმე პოლიციელი ხელს ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ ადებს

სინდისის პატიმრების პროცესი - უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე ჩვენება ამჯერად კახაბერ ონიანმა მისცა.

პოლიციელი ირწმუნება, რომ დაზიანება პირველი დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მიიღო. მოწმე პოლიციელის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს, წარმოდგენილი ბრალდებულებიდან ვინმემ ჩაიდინა თუ არა კონკრეტული ქმედება.

მე ვერ დავადასტურებ, რომ ამ ხალხმა ისროლა რამე და ვერც უარვყოფ, ძალადობაზე პრეტენზია ყოველთვის მაქვს, ვგმობ ამას ნებისმიერის მხრიდან. ეს მხოლოდ ნერვების არა, ჯანმრთელობის ფასად [გვიჯდება]. დაზარალებული პოლიციელების უკან ოჯახები დგანან, ადვილია პოლიციაზე გინებები, ისინიც ადამიანები არიან, ჩემი კოლეგები და მეც. ვიღაცამ ქვა ისროლოს და გაგწიროს, არაფრის გამო, შეიძლება ის ქვა საფეთქელში, თავში მოგხვდეს, მთელი ცხოვრება შშმპ დარჩე, ჩემთვის მიუღებელია....

მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, ესენი არიან თუ - არ არიან, მაგრამ ვინც ეს ჩაიდინა, პრეტენზია მაქვს",- განაცხადა ონიანმა.

ადვოკატის კითხვაზე, ორგანიზებას ვინმე უწევდა თუ არა, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ორგანიზებულობა არ შემიმჩნევია გარდა იმისა, რომ ქვები ერთბაშად მოდიოდა",- განაცხადა ონიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის - ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დრომდე, სასამართლოში მიყვანილმა ვერცერთმა მოწმემ ვერცერთ დაკავებულს ხელი ვერ დაადო. ვერავინ თქვა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მათ რაიმე ზიანი მიაყენეს.