ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 4 000 ლარით დააჯარიმა
აქტივისტი მარიამ სიჭინავა მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა. საქმე ირაკლი ზარქუას საჩივარს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალმა აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მარიამ სიჭინავამ დასკვნით სიტყვაში უკანონო პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე ისაუბრა, რაზედაც მოსამართლე ჭაბუკიანმა შენიშვნა მისცა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დარბაზიდან გააძევა.
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, რომელიც უსამართლო სასამართლოს ჰყავს ჯერ კიდევ ტყვეობაში,-თქვა სიჭინავამ დასკვნით სიტყვაში.
აქტივისტი ამბობს, რომ სხვა დანარჩენი ჯარიმების მსგავსად, არც ამ ჯარიმის გადახდას აპირებს, რადგან “უსამართლო სასამართლოს გადწყვეტილებებს არ ემორჩილება“.
ველოდებოდით, რომ მოითხოვდნენ პატიმრობას, თუმცა, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ასევე, იმის გამო, რომ რეჟიმისთვის მარტივი არ იქნებოდა კერენ ესებუასა და მარიამ სიჭინავას პატიმრობაში დატოვება, ჩვენ ვართ ახლა გარეთ და თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ამ ჯარიმებს არ ვიხდით, რადგან უსამართლო სასამართლოს გადწყვეტილებებს არ ვემორჩილებით, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჯარიმებს არ ვიხდით. ჩემი ჯარიმების რაოდენობამ 80 ათასს მიაღწია, მადლობა კობახიძეს და ყოველთვის ვიამაყებ იმით, რაც გავაკეთე და ყოველთვის ქვეყნის იმბეცილებს, როგორიც არის ზარქუა, მივმართავ იმ სიტყვებით, რითიც მივმართე,-თქვა სიჭინავამ.
- ამავე საქმეზე, ცოტა ხნით ადრე, აქტივისტი კერენ ესებუა მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა 3500 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე 20 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ირაკლი ზარქუას ქეიფის შემდეგ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი აქტივისტები დახვდნენ. აქტივისტები ივაიშვილს დეპუტატს "სამარცხვინოს" უწოდებდნენ და სკანდირებდნენ "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!".
ირაკლი ზარქუამ მომხდარის შემდეგ ქალ აქტივისტებს უჩივლა, თუმცა ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ზარქუას თანმხლები პირი კერენ ესებუას.