"ადვოკატთა ასოციაცია": 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა... ეს ყოველივე კანონდარღვევაა

23.05.25 19:38
"ადვოკატთა ასოციაცია": 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა... ეს ყოველივე კანონდარღვევაა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ინფორმაციას, რომ 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, ადგილზე მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ადვოკატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. 

ორგანიზაცია წერს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, კანონდარღვევას წარმოადგენს.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას მოუწოდებს, მომავალში, რეზონანსული საქმეების გამო (თუ სხვა შემთხვევებში), უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან ერთად, შექმნან ადვოკატების შეუფერხებელი საქმიანობის პირობები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია თითოეული ადვოკატი პროფესიულ საქმიანობას  ახორციელებდეს თავისუფლად და შეუფერხებლად, რაც აუცილებელია სამართლიანი პროცესის (due process) უზრუნველსაყოფად დემოკრატიულ საზოგადოებაში. 

როგორც კონკრეტული ადვოკატების მომართვისა და ასევე, მასობრივი მედიის საშუალებებით ასოციაციისათვის გახდა ცნობილი, 2025 წლის 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს, სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესში, ცალკეულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხებასა და უხეშობას, ეს ყოველივე კი წარმოადგენს ადვოკატთა უფლებების დარღვევას. 

გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, თავისუფლად იმოქმედოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, წარმოადგენს კანონდარღვევას.

შესაბამისმა სამსახურებმა, სასამართლოს ტერიტორიისა და შენობის უსაფრთხოების დაცვისას, პატივი უნდა სცენ ადვოკატებს და უზრუნველყონ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა. 

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court-ს ადმინისტრაციას, მომავალში, რეზონანსული საქმეების გამო (თუ სხვა შემთხვევებში), უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან ერთად, შექმნან ადვოკატების შეუფერხებელი საქმიანობის პირობები, მაგალითად, ადვოკატებისათვის ცალკე შესასვლელი, რათა ადვოკატებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ამავე დროს, არ შეფერხდეს სხვა მიმდინარე სასამართლო პროცესები. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც ყურადღებით გააგრძელებს აღნიშნული საკითხის მონიტორინგს და გამოიყენებს ყველა სათანადო საშუალებას, რათა არც ერთ ადვოკატს არ შეეზღუდოს პროფესიული საქმიანობის უფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში." - წერია განცხადებაში.