ბრიტანელი ჟურნალისტი, უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს

23.05.25 19:24
ბრიტანელი ჟურნალისტი, უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს

დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს - უილ ნილი 20 მაისს, სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გააჩერეს და 45-წუთიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდა. 

ჟურნალისტი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ამასთან, როგორც ის განმარტავს, მისთვის არავის აუხსნია, რატომ არ მისცეს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება. არადა, უილ ნილი 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და ქვეყანა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში ვიზიტების ჩატარების გამო დროებით დატოვა. 

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" წერს, რომ გადაწყვეტილება "პოლიტიკურად მოტივირებულია" და მომხდარი "საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებას ადასტურებს". 

ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქცია მოჰყვა მასობრივ სიძულვილის კამპანიას, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი გამოძიება ბრიტანულ გამოცემა Byline Times-ში გამოქვეყნდა. სტატიაში განხილული იყო ბრიტანული ფონდის Hunnewell Partners-ისა და რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კავშირები, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. Hunnewell, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ფლობს ქვეყნის უდიდეს პროსამთავრობო ტელეარხ „იმედს“.

გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნილი დაკავშირებული იყო „დიფ სთეითთან“, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. „იმედმა“ ჟურნალისტი მიკერძოებაში დაადანაშაულა, აჩვენა მისი ვიზიტის კადრები ოპოზიციური პარტიის შტაბბინაში და გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა კვლავ უარესდება, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მხოლოდ ბოლო თვეებში, ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო, ჩეხი რეპორტიორი რეი ბეისელი და შვეიცარიელი სტეფან გოსი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა" - წერია განცხადებაში.