Amnesty International: "საქართველოში ქალი მომიტინგეები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან"

23.05.25 20:42
Amnesty International: "საქართველოში ქალი მომიტინგეები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან"

"ქალი მომიტინგეები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან" - ამ სათაურით Amnesty International საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქალების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობას იყენებენ.

Amnesty International ყურადღებას სექსუალური ძალადობის მუქარებსა და შეურაცხყოფებზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ რეჟიმი "დაშინებისა და დასჯის კამპანიის ფარგლებში" ქალების ჩხრეკას დამამცირებელ პირობებში აწარმოებს. 

საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოცემული ფაქტები არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას და სტანდარტებს არღვევს. 

საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად იყენებს გენდერულ ძალადობას, მათ შორის სექსისტურ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას და უკანონო და დამამცირებელ ჩხრეკას პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ, მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებისა და დასჯის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში.

საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები - ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და პოლიციის უკანონო ჩხრეკისას ქალების გაშიშვლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მომიტინგეების დაშინება." წერს ორგანიზაცია.

Amnesty International-ის ანგარიშში გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეც მოხვდა. ორგანიზაცია წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ დრომდე არ დასჯილან და საკუთარი პროფესიული უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობენ. 

მზია ამაღლობელი, ცნობილი ჟურნალისტი, ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს. ორივე შემთხვევაში, იგი პოლიციის მხრიდან შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი გახდა, სავარაუდოდ, ბათუმის პოლიციის უფროსი აფურთხებდა და ძალადობით ემუქრებოდა."- წერს ორგანიზაცია.

ამავე ანგარიშში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეც არის ნახსენები. 

ოპოზიციის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, აღწერა, თუ როგორ ძალადობდა პოლიცია, გააშიშვლეს და აიძულეს, შიშველი დაწოლილიყო იატაკზე 2025 წლის 28 მარტს დაკავების დროს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ოფიცრებმა არ მისცეს მას მედიკამენტებისა და ტუალეტის გამოყენების უფლება მას შემდეგაც კი, რაც მას განუვითარდა ჰიპერტენზია და ღებინება." - წერს ორგანიზაცია. 

მსგავსი სიახლეები