შემოგვიერთდით! - 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი
სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოებას 26 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.
საკმაოდ დიდი ხანია, ვემზადებით 26 მაისისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ დამოუკიდებლობის დღე საკადრისად აღვნიშნოთ. დღეს გვქონდა ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გავიარეთ ბოლო საკითხები ამ დღის საორგანიზაციო თემატიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდეს. ეს დღე იქნება სახალხო, ერთიანი, დატვირთული იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკით, ამიტომ მთელ საზოგადოებას გვინდა, რომ ეს დღეს აღვნიშნოთ". - განაცხადა გიორგი ჭანტურია.
ცნობისთვის, 26 მაისს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ 17:10 საათზე, დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხონ და მთელ სამყაროს გააგონონ ხმა, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას სტუდენტები, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, პოლიტიკოსები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები მიიღებენ.