"სამი დღით კარცერში გამომკეტეს" - სინდისის პატიმარი ციხის თანამშრომლებს რეპრესიებში ამხელს

25.05.25 12:06
"სამი დღით კარცერში გამომკეტეს" - სინდისის პატიმარი ციხის თანამშრომლებს რეპრესიებში ამხელს

პროევროპული აქციების მონაწილე, რომელსაც დაკავების დროს გაუპატიურებით და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, გლდანის ციხის ადინისტრაციას რეპრესიებში ამხელს. ირკვევა, რომ რეზო კიკნაძე ბადრაგებმა უმიზეზოდ დასაჯეს და კარცერში 3 დღით გამოამწყვდიეს. ამ დროის განმავლობაში სინდისის პატიმარი არც საკვებს და არც წყალს პროტესტის ნიშნად არ იღებდა.

"პირველების" მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში სინდისის პატიმარი ქრონოლოგიურად აღწერს იმ სადამსჯელო ღონისძიებებს, რომელსაც მის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი. რეზო კიკნაძე ამბობს, რომ 72 საათის განმავლობაში კარცერში იმის გამო გამოკეტეს, რომ პროტესტი გამოხატა, როდესაც საკანში მიმდინარე ჩხრეკას არ დაასწრეს. 

აუდიოჩანაწერში კიკნაძე ყვება, რომ საბადრაგო სამსახური მას ადანაშაულებდა, თითქოს პატიმარმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა და "იდიოტები" უწოდა. არადა, კიკნაძე ამბობს, რომ მსგავსი სიტყვა მის ლექსიკონში არ არის. 

რეზო კიკნაძე ითხოვს, პასუხი აგონ პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

შემოვიდა შემოწმებაო, აბანოში გადითო. ჯერ ერთი, აბანოში რატომ უნდა გავიდეთ, წინაზე როცა გავედი, ცუდი რაღაცეები მოხდა-მეთქი და ახლა არ გავალ-მეთქი და შემოვარდნენ გიჟებივით, ჩამოგლიჯეს ეს თოკები, ზედ რაც იყო, პირსახოცები და ტანსაცმელი, ერთმანეთში არიეს-დარიეს და სადღაც მიყარეს, იქ კარდონი აიღეს, ბოთლები გამოყარეს. როცა ვუთხარი, "ლოგიკური ახსნა მითხარით, რატომ გაგაქვთ ეს ნივთები, რას აშავებს, რა კანონდარღევაა"-თქო, მეუბნებოდნენ, რომ "შენ პატიმარი ხარ და რა კითხვების დასმას ბედავო და პასუხი რატომ უნდა გავცეთ პატიმარსო". მეთქი, - "პატიმარი ვარ, ადამიანი ვარ, ჩემზე მეტი ხომ არ გგონიათ თავი"-მეთქი და "ესო რამდენს ლაპარკობსო და კარცერში ჩავიყვანოთო". ეს იყო და ეს. შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. მეჯიკავა, წინააღმდეგობაც არ გამიწევია. მეგონა, რომ მეორე დღეს გამომიშვებდნენ. ჯერ რატომ ვიყავი? არც შუადღეს გამომიშვეს. მესამე დღეს ღამე მოვიდნენ, სხვა საკანში უნდა გადაგიყვანოთო. მეთქი, სხვა საკანში რატომ უნდა გადამიყვანოთ, ჯერ აქაც ტყუილად ვარ. არაო, შენს საკანში ვიღაც შესახლდაო. არ დამაბრუნეს ჩემს საკანში. ამათმა კარცერში კი არა, უბოშიც რომ ჩამსვან, ჩემზე თავისუფლები მაინც ვერ იქნებიან, - ამბობს კიკნაძე. 

ადვოკატი ამბობს, რომ რეზო კიკნაძე მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ უსამართლობას ციხიდანაც უპირისპირდება.