მკვლელობა ბათუმში - "პირველებისთვის" აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები ხდება ცნობილი

25.05.25 13:08
მკვლელობა ბათუმში - "პირველებისთვის" აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე შუახნის კაცი მოკლეს - ფაქტი გუშინ, 24 მაისს მოხდა. “პირველების” ინფორმაციით, 50 წლამდე გურამ ბერიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია ესროლეს. 

როგორც tvpirveli.ge-ს ადგილობრივები უყვებიან, კრიმინალური გარჩევა სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდება. 

არსებული ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციას თავად დაურეკა და ჩაბარდა. 

ადგილობრივების თქმით, ბრალდებულის ცოლის დისშვილი ხვდებოდა მოკლულის შვილს და კონფლიქტიც ამ ფაქტს უკავშირდება.

ბათუმში მომხდარ მკვლელობას შსს ადასტურებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს." აცხადებს უწყება
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.