როგორ აღმოჩნდა სანდრო წივწივაძის იარაღი ჯანგველაძის მკვლელის ხელში - რას ამტკიცებს ბრალდებული
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 27 წლის იარაღების კოლექციონერი ბრალს არ აღიარებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა ბიზნესმენი ჯანგველაძე მოკლა, სანდრო წივწივაძეს ეკუთვნოდა. მას გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღებას ედავება.
ახალგაზრდა მამაკაცი დღეს სასამართლოს უმტკიცებდა, რომ იარაღი რამდენიმე წლის წინ მოპარეს, რის შესახებაც განცხადება პოლიციაშიც კი დაწერა და არ იცის, როგორ აღმოჩნდა ის გელა უძილაურის ხელში.
პროკურორის მტკიცებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის მასრები სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული დაკარგული იარაღის ანალოგია. ჯანგველაძის მკვლელობის გარდა, წივწივაძის საკუთრებაში არსებული იარაღები სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეში ფიგურირებს. ეს პროკურატურისთვის საეჭვო გარემოება აღმოჩნდა.
დაკავებული კოლექციონერის ადვოკატი ფიქრობს, რომ სანდრო წივწივაძის მიმართ შავი კამპანია მკვლელობის დამკვეთებმა ააგორეს, რომ გამოძიებას გზა-კვალი აურიონ. მკვლელობის იარაღი გამოძიებას ამ დრომდე არ უპოვია.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ გელა უძილაური ვერეს ხეობაში გადამალულ ჩანთას იღებს, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ მკვლელობის იარაღი იდო, თუმცა ვინ დამალა - გამოძიებას ამ დრომდე არ უპასუხია.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.