"დაიცავი საქართველო!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" - თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა

26.05.25 10:22
"დაიცავი საქართველო!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" - თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში, მაღაზიებში, კაფეებში და უნივერსიტეტის შენობებში ახალი ბანერები გაჩნდა. ყველგან, სადა ხალხი მოძრაობს, გაკრულია ბანერები, რომელიც მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

"დაასრულე უმოქმედობა!", "დაიცავი საქართველო!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" - ამ გზავნილებით მოუწოდებს მოძრაობა "დაასრულე„ მოქალაქებს რუსთაველზე გავიდნენ და დაიცვან საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მოქალაქეები თვლიან, რომ წელს ეს თარიღი განსაკუთრებულია, რადგან ოლიგარქის რუსულ რეჟიმს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. სწორედ ამიტომ, ევროპული მომავლის მცველებს არ აქვთ სურვილი, დამოუკიდებლობის დღე რეჟიმთან ერთად იზეიმონ.

რუსთაველის გამზირი მოვლენების ეპიცენტრი 15:00 საათიდან გახდება. საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, იქნება საპროტესტო მარშები. ევროპული მომავლის მცველები შვიდი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძვრებიან ქვეყნის მთავარი გამზირის მიმართულებით და ყველა ერთად იტყვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ისევ ცოცხალია და არ მოკვდება.