"მოპოვებულ თავისუფლებას ყოველდღიურად უნდა გავუფრთხილდეთ" - მარჯანიშვილიდან საპროტესტო მსვლელობა დაიძრა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით დაგეგმილმა საპროტესტო მსვლელობამ მეტრო "მარჯანიშვილიდან" გეზი აიღო - "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მარშით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ.
მსვლელობის წინა რიგში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი დგას, რომელიც საზოგადოებას ქართული ენის, მიწა-წყლის, კულტურისა და დროშის დაცვისკენ მოუწოდებს.
მერაბ კოსტავას სიტყვები ყველა ქართველს უნდა გვახსოვდეს. უნდა გვახსოვდეს ის, რომ მოპოვებულ თავისუფლებას ყოველდღიურად უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენს ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ. როგორც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს ქვეყანა დამოუკიდებელი, ძლიერი, ასეთივე ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენს შვილებსაც. დროშა, ენა, მიწა-წყალი, კულტურა უნდა დავიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდეს". - განაცხადა დეა მეტრეველმა.